საგარეო უწყების ინფორმაციით, ჩილეში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
"სამწუხაროდ, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შეზღუდულად ვიღებთ, რადგან ჩილეში საელჩო არ გვაქვს. გაეროს წარმომადგენლობიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით კი, მიწისძვრის შედეგად საქართველოს არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა", - განაცხადა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მიწისქვეშა ბიძგები, რომლის მაგნიტუტამ 8,8 ბალი შეადგინა, ჩილეში, 27 თებერვალს, ადგილობრივი დროით 03:34 (თბილისის დროით 10:34) მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ კონსეპსიონიდან ჩრდილოეთით 115 კილომეტრში, 55 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 300-მდე ადამიანი.