ახალი ლიტერატურული ფესტივალის „ინსომნიას" შესახებ პრესკონფერენცია 31 ივლისს 17:00 საათზე წიგნის მაღაზია BookCity-ში მელიქიშვილის 21-ში გაიმართება.
ფესტივალის მონაწილეებს სპეციალურად შემდგარი ჟიური შეარჩევს. ჟიურის წევრები არიან: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, ნატო დავითაშვილი, ბლოგერი მოლი ბლუმი, ნიკა სამუშია.
ნამუშევრები 1აგვისტოდან 1 სექტემბრამდე მიიღება, კონკურსის შედეგად შეირჩევა შვიდი მონაწილე. სექტემბრის შუა რიცხვებში თითოეული მათგანი ერთი ღამით წიგნის მაღაზია BookCity-ში დაიდებს ბინას, სადაც მან უნდა დაწეროს მოთხრობა, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, მისტიკისა და ჰორორის ჟანრში. წერის პროცესს მთელი საზოგადოება იხილავს ინტერნეტით, პირდაპირ ეთერში, რომელსაც სპეციალურად დამონტაჟებული ვიდეო-კამერები გადაიღებს. პროცესს ეყოლება მოდერატორი, რომელიც ფესტივალის საინტერესო დეტალებს პარალელურად გააცნობს მონაწილეთა გულშემატკივრებს.
კონკურსანტების ნამუშევრების წიგნად გამოცემას ქარჩხაძის გამომცემლობა უზრუნველყოფს.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა მისამართზე fest.insomnia@gmail.com უნდა გამოაგზავნონ "ფობიოგრაფია" - საკუთარი ფობიოგრაფია, მინიმუმ 3 - მაქსიმუმ 5 გვერდის მოცულობის ტექსტი.
ლიტერატურული ფესტივალის „ინსომნიას" იდეის ავტორი ზაზა კოშკაძეა, პროექტს წიგნის მაღაზია BookCity და ქარჩხაძის გამომცემლობა ახორციელებს.