„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" მიიჩნევს, რომ "საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილებები, რომლითაც თამბაქოს აქციზის გადასახადი იზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს. ორგანიზაციის წარმომადგენელი მიხეილ კუკავა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ სააქციზო შემოსავლის ზრდის პირობებში ბიუჯეტში ცვლილების შეტანა საჭირო არ არის, თუ ხარჯები შესაბამისად არ იზრდება.
"როცა შემოსავლებსა და ხარჯებს შორის არის დადებითი განსხვავება, ანუ შემოსავალი აჭარბებს ხარჯებს თუ ამ სხვაობას არ მიმართავ ხარჯების დასაფინანსებლად „ბიუჯეტის შესახებ" კანონში ცვლილება საჭირო არ არის. შეიძლება ეს განსხვავება მიმართო ვალუტისა და დეპოზიტების ზრდისკენ, რაც არის თავისუფალი ნაშთი. თუ შემოსავლები აჭარბებს ხარჯებს და ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვიტა, ამ დადებითი სხვაობის მიმართვა ხარჯების დასაფინანსებლად, ამ შემთხვევაში ცვლი კანონს", - განმარტავს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კუკავა.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძე კი მიიჩნევს, რომ
„საგადასახადო კოდექსში" შესატან ცვლილებას, რომელიც თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ცვლილებები უნდა მოყვეს.
ფინანსთა სამინისტრო დაგეგმილ ცვლილებას კატეგორიულად უარყოფს და განმარტავს, რომ უახლოეს პერიოდში ბიუჯეტში ცვლილებები არ იგეგმება. სამინისტროს განმარტებით, თამბაქოზე აქციზის გადასახადის ზრდის შედეგად ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს 25-26 მლნ ლარი დაემატება. ამის მიუხედავად, მთავრობა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას და მის კორექტირებას არ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 1-ლი სექტემბრიდან თამბაქოზე აქციზის გადასახადი იზრდება, რაზეც ცვლილება „საგადასახადო კოდექსში" შევა. კანონპროექტის მიხედვით, აქციზის გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე იზრდება 15 თეთრით, ხოლო 5 თეთრით უფილტრო სიგარეტზე.