559,18 გრამი ოქროს ნაკეთობები საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, მალულად, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეს, მაია ტ-ს შემოჰქონდა. 28 ივლისს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა თურქეთში რეგისტრირებული სეტრას მარკის ავტობუსის დათვალიერებისას, ავტოსატრანსპორტო საშუალების სავარძლებსა და კედელს შორის მაია ტ-ს კუთვნილი, 559,18 გრამის ოდენობის ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის მთავარი სამმართველოს გადაეცა.