საქართველოს ფინანსთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ნებართვების გაცემის პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი ელექტრონული სისტემის შემუშავებას გეგმავენ.
29 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, შალვა ფიფიამ, სწორედ აღნიშნულ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი, საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვლადიმერ ხუნდაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის №426 დადგენილებით განსაზღვრული ვეტერინარულ და ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის იმპორტის ნებართვების გაცემის პროცედურების გამარტივება და ერთიანი ელექტრონული სისტემის შემუშავება შესაძლებლობას მისცემს უფლებამოსილ თანამშრომლებს ონლაინ რეჟიმში დაინახონ როგორც შემოსავლების სამსახურის, ასევე, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვები.
შეხვედრაზე გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს დაავადების გავრცელების მხრივ კეთილსაიმედო ქვეყნებიდან შემოსულ სანებართვო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ პროცედურების კიდევ უფრო გაიოლებას, ხოლო სამომავლოდ სანებართვო ნუსხების შემცირებას.
მინისტრებმა ასევე ისაუბრეს შემოსავლების სამსახურის ინიციატივაზე საქართველოს მთავრობის N429 დადგენილებაში ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ტრანზიტის პროცედურების გამარტივებას და შესაძლებელს ხდის ფიტოსანიტარიული ან/და ვეტერინარული ორიგინალი სერტიფიკატის ელექტრონულად წარდგენას შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდის მეშვეობით.