ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, 71 წლის ქუთაისელ ომარ ფანჩულიძეს საგანგებო სიტუაციების სამსახურისათვის ცრუ შეტყობინების მიწოდებისათვის 3 000 ლარის გადახდა დააკისრა. ფანჩულიძემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაში ბომბი იყო და აფეთქდებოდა.
ომარ ფანჩულიძის თქმით, რამდენეიმე თვეა ხელისუფლებას 400 ლარიანი თვალის ოპერაციის დაფინანსებას თხოვდა, თუმცა ოპერაცია არ დაუფინანსეს.
„მივმართე პარლამენტს, ჯანდაცვის სამინისტროს, მთავრობას, თუმცა ოპერაცია არავინ არ დამიფინანსა. ამიტომ გადავწყვიტე დამერეკა და მეთქვა პარლამენტში ბომბიაო. ვიჯექი ტელევიზორთან და ვუყურებდი, ვირთხებივით როგორ გამორბოდნენ პარლამენტიდან დეპუტატები. საქალაქო სასამართლომ კი 3 000 ლარის გადახდა დამაკისრა, რასაც ვერ გადავიხდი, იმიტომ, რომ არ მაქვს. 3 000 ლარი, რომ მქონოდა 400 ლარიანი ოპერაციის დაფინანსებას კი არ ვითხოვდი",- განაცხადა ომარ ფანჩულიძემ.
მასალის გამოყენების პირობები