საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სასჯელაღსრულების #17-ე დაწესებულებაში მოშიმშილე მსჯავრდებულებს შეხვდა. სახალხო დამცველმა მოისმინა პატიმართა პრობლემები და გაეცნო მათ მოთხოვნებს. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია დაჩქარდეს სისხლის სამართლის საქმეების გადახედვის პროცესი, მართლმსაჯულების ხარვეზის დამდგენი კომისიის შექმნის გაჭიანურება უარყოფითად მოქმედებს არაერთი მსჯავრდებულის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია რაიმე მექანიზმის შექმნა, რომელიც რეაგირებას მოახდენს პატიმართა საჩივრებზე, განსაკუთრებით მწვავედ დგას იმ პატიმრების საკითხი, ვისაც ბრალი არ უღიარებია და თავს უდანაშაულოდ და უკანონო პატიმრად მიიჩნევს. შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე მსჯავრდებულთა მცირე ნაწილს შეუმცირდა სასჯელის ზომა, თუმცა ხშირ შემთხვევაში გაუგებარია სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველი. არაერთი პატიმარი პირობით ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები