ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, კომპანია „თელასი" ქვესადგურებსა და დედაქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში აქტიურ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას იწყებს, რაც მოსახლეობისათვის დენის გათიშვას გამოიწვევს.
ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა და „თელასის" ტექნიკურმა დირექტორმა ვახტანგ ქინქლაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
„აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები აუცილებელია სისტემის გამართულად მუშაობისთვის, რათა ზამთრის თვეებში ქვეყნის ელექტრომომარაგებაში რაიმე სახის პრობლემები თავიდან ავიცილოთ და ავარიების რისკი მინიმუმამდე შევამციროთ.
კომპანია „თელასი" და ენერგეტიკის სამინისტრო ბოდიშს უხდის მოსახლეობას ელექტროენერგიის გათიშვით გამოწვეული დისკომფორტისთვის. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ენერგოსისტემის სტაბილური ფუნქციონირებისათვის, ზამთრის წინა პერიოდში ამ მასშტაბის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ ჩატარებულა ბოლო რამდენიმე წელია. გასულ ზამთარს სისტემის გამართული მუშაობა ენერგოსექტორში მომუშავე თითოეული თანამშრომლის დამსახურება იყო. აღსანიშნავია, რომ ელექტროგამანაწილებელი ქსელის საიმედოობისთვის და სტაბილურობისთვის აუცილებელია დაგეგმილ ფართომასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების დროული წარმოება", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
„თელასის" ტექნიკური დირექტორის განცხადებით, გათიშვებთან დაკავშირებით, საზოგადოებას ინფორმაციას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი სხვადასხვა მედია საშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში მიაწვდის.
„კომპანიაში მუშაობს ცხელი ხაზი 2 25 52 11, სადაც თითოეულ მოქალაქეს საშუალება აქვს დაგეგმილი გათიშვების შესახებ ინფორმაცია ამომწურავად მიიღოს. ამასთან, შექმნილია ზამთრისთვის მზადების კომისია, რომელიც პასუხიმგებელი იქნება სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდეს გაწერილი გრაფიკის მიხედვით და ხარისხიანად", - აღნიშნა ვახტანგ ქინქლაძემ.