„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს ბიზნეს ომბუდსმენიც ეხმაურება. როგორც ბიზნეს ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც 2014 წლის 1-ელ თებერვლამდე გარკვეულ შემთხვევებში სააღსრულებო პროცედურების შეჩერებას ითვალისწინებს, ქვეყნის საინვესტიციო გარემოს გააუარესებს და პრობლემებს შეუქმნის ბიზნეს სექსტორს ფინანსური რესურსების მოზიდვაში, რადგან მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არალიკვიდური გახდება.
„კანონპროექტის მიღება გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს და პრობლემებს შეუქმნის ბიზნესსექტორს ფინანსური რესურსების მოზიდვაში, რადგან მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არალიკვიდური გახდება.
ცვლილებები პრობლემებს შეუქმნის ასევე საბანკო-საფინანსო სექტორს, გაცემული იპოთეკური სესხების დაბრუნებაში და წაახალისებს მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას (გადავადების პერიოდში)- ნათქვამია ბიზნეს ომბუდსმენის პოზიციაში, რომელიც დღეს გავრცელდა.
გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ შემდგომ კრედიტის გაცემა სერიოზული რისკის მატარებელი გახდება, რადგან 7 თვის განმავლობაში მისი ამოღება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება, შემცირდება კრედიტზე ხელმისაწვდომობა. და ამავდროულად, ცვლილებები გამოიწვევს კრედიტის გაძვირებას და ნეგატიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე, მომხმარებელზე და სამუშაო ადგილებზე.
მისივე ინფორმაციით, თუ კი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონსა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მიღებული და დამტკიცებული იქნება, მაშინ პრობლემა შეექმნება უძრავი ქონების ბაზარს, რადგან იპოთეკური სესხით უძრავი ქონების შეძენა გართულდება და უძრავი ქონება სესხის უზრუნველსაყოფად, პრაქტიკულად, გამოუსადეგარი გახდება. გახარიას განმარტებით, კანონპროექტი ასევე ვრცელდება ისეთ სასესხო ურთიერთობებზე, სადაც ხელშეკრულების ორივე მხარე მეწარმე სუბიექტია.
„უფლებები, რომლებსაც კანონპროექტი ეხება, წარმოშობილია მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. დარღვევის არსებობისას კი დავა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გადაწყდეს. მიგვაჩნია, რომ ასეთი დროებითი ღონისძიებები ვერ მოაგვარებს იმ პირთა სოციალურ პრობლემებს, რომელთა დასახმარებლად აღნიშნული კანონპროექტის ინიცირება მოხდა და სერიოზულად შეაფერხებს ბიზნესის განვითარებას"- განმარტავს ბიზნეს ომბუდსმენი.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტში 49 დეპუტატის მიერ ინიცირებული იქნა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონში და საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილებები.
კანონპროექტების შესაბამისად, 2014 წლის 1 თებერვლამდე ჩერდება სააღსრულებო პროცედურები იმ სააღსრულებო საქმეებზე, რომლებიც შეეხება სხვისი მფლობელობიდან/სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას და კრედიტორის მფლობელობაში/სარგებლობაში გადაცემას ან/და უძრავი ქონებიდან პირთა გამოსახლებას, როდესაც აღსასრულებელი გადაწყვეტილება გამომდინარეობს სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებიდან, ქონების შემძენის (სააღსრულებო წარმოებისას - აუქციონზე ქონების შემძენი, აუქციონის გარეშე ქონების შემძენი, ქონების ნატურით მიმღები) განცხადებიდან, აგრეთვე აღსასრულებელ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს სესხის ან/და იპოთეკის ხელშეკრულებიდან და ითვალისწინებს უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციას.