2013 წელს ქვეყანაში ხორბალი, შარშანდელთან შედარებით, 83 %-ით მეტ ფართობზე დაითესა. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, 2013 წელს ქვეყანაში ხორბლის ნათესმა ფართობმა 91,4 ათას ჰა-ზე მეტი შეადგინა, რაც გასულ წელს არსებულ ფართობთან შედარებით, დაახლოებით 83 %-ით მეტია. სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წელს (50 ათასი ჰა ხორბლის ნათესი ფართობი) ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი წარმოებიდან მიღებულ იქნა 80 ათას ტონაზე მეტი ხორბლის მოსავალი.
რაც შეეხება წლევანდელ მოსავალს, ზუსტი მონაცემი ჯერ არ არსებობს, რადგანაც ხორბლის აღება სწორედ მიმდინარე პერიოდში წარმოებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის აღებულია ნათესების მხოლოდ 70%. სამინისტროს წინასწარი გათვლებით, მიმდინარე სეზონზე, ხორბლის საერთო მოსავალი სავარაუდოდ 155 ათას ტონას გადააჭარბებს.