დღეიდან, 1-ლი მარტიდან იწყება ახალი საგანმანათლებლო პროგრამა "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად". პროგრამის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.პროექტი საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. უცხოელი პედაგოგები ქართველ კოლეგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას გაძლიერებულად შეასწავლიან.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისე პედაგოგთა რეგისტრაცია იწყება 1-ლი მარტიდან საიტზე წწწ. ტლგ.გოვ.გე. საიტი პროგრამის ფარგლებში სპეციალურად შეიქმნა და გარდა იმისა, რომ მოხალისე პედაგოგები მასზე დარეგისტრირებას შეძლებენ, ასევე სრულ ინფორმაციას მიიღებენ საქართველოზე, მის ისტორიასა და კულტურაზე.
უცხოელი პედაგოგები საქართველოში ივლისში ჩამოვლენ. პირველი ორი თვის განმავლობაში გაეცნობიან ჩვენს ქვეყანას და მათი სურვილის შემთხვევაში, საშუალება ექნებათ შეისწავლონ ქართული ენა, ახალი სასწავლო წლიდან კი ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან. საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს ქალაქებისა და სოფლების სკოლების თითქმის ნახევარს მოიცავს, მათ შორის მცირეკონტიგენტიან სკოლებსაც. ინგლისური ენის სპეციალისტები ამერიკიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ახალი ზელანდიიდან ჩამოვლენ.
ახალ საგანმანათლებლო პროექტზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა აშშ-ის "მშვიდობის კორპუსის" საქართველოს წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა. "მშვიდობის კორპუსი" ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებელი სააგენტოა, რომელიც ჯონ ფიცჯერალდ კენედიმ 1961 წელს დააარსა. მისი დანიშნულება მსოფლიო ხალხთა შორის მშვიდობისა და მეგობრობის განვითარებაა, რასაც ამერიკის საზღვრებს მიღმა მომსახურე მოხალისეები ახორციელებენ.
საქართველოში "მშვიდობის კორპუსი" 2001 წლიდან მოღვაწეობს და პირველი პროექტი სწორედ განათლების სფეროში თანამშრომლობით დაიწყო. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში ყოვეწლიურად ამერიკელი მოხალისეები ჩამოდიან და ორი წლის განმავლობაში ქართველ პედაგოგებთან ერთად საჯარო სკოლებში მოღვაწეობენ. საქართველოს საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლები მოხალისეებთან და სხვა მასწავლებლებთან ერთად სწავლების ახალ მეთოდებს და მიდგომებს ეუფლებიან.
"მშვიდობის კორპუსის" მოღვაწეობა საქართველოში ნაყოფიერია, მათ გამოცდილებაზე დაყრდნობით გახდება შესაძლებელი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული ახალი საგამანათლებლო პროექტის "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" განხორციელება.
დღეს "მშვიდობის კორპუსის" მიერ ორგანიზებულ კონფერენციას ის ამერიკელი მოხალისე პედაგოგები ესწრებოდნენ, რომლებიც ორწლიანი კონტრაქტით იმყოფებიან საქართველოში და ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში მუშაობენ. შაშკინმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ახალ პროგრამაზე და უპასუხა შეკითხვებს, როგორც კონკრეტულად პროექტზე ასევე იმ რეფორმებზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.