პარლამენტმა შენობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის შემოღებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონი დაამტკიცა, ხოლო მერიამ სამშენებლო საქმიანობაში ფინანსური ამნისტია გამოაცხადა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ქალაქში შეჩერებული მშენებლობის დასრულებისა და სამშენებლო ბიზნესის ხელის შეწყობის მიზნით, საქართველოს პარლამენტმა ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის შემოღებასთან დაკავშირებით, შესაბამისი კანონი მიიღო. აღნიშნული კანონის საფუძველზე უკვე დასრულებულ ან დასრულების ეტაპზე მყოფ მშენებლობების მწარმოებლებს, შესაძლებლობა ექნებათ გამარტივებული პროცედურების გავლით და ჯარიმის გადახდის გარეშე, მოახდინონ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და მათი სჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
ასევე თბილისის მერის ინიციატივით, სამშენებლო საქმიანობაში გამოცხადდა ფინანსური ამნისტია, რის საფუძველზეც დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან ის პირები, ვინც მშენებლობის დროს დაშვებულ დარღვევებს 6 თვის განმავლობაში ნებაყოფლობით გამოასწორებენ.
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს დეველოპერებსა და მშენებლებს შეხვდა, აღნიშნული სიახლეები პირადად გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.
არსებული მონაცემებით თბილისის ტერიტორიაზე 2 500-მდე ობიექტია, რომელთა მშენებლობა დასრულებულია, თუმცა ისინი ექსპლოატაციაში არ არის მიღებული და შესაბამისად მეპატრონე მათ საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ვერ ახდენს. ამ ობიექტების ძირითად ნაწილს დარღვეული აქვს მშენებლობის პროექტი ან ექსპლუატაციაში მიღების ვადა. დღემდე მოქმედი რეგულაციით ასეთი ობიექტის მეპატრონე ვალდებული იყო საჯარიმო სანქციები გადაეხადა და მხოლოდ ამის შემდეგ მოეხდინა ობიექტის ექსპლოატაციაში მიღება, რაც ხშირ შემთხვევაში საკმაოდ სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად მენაშენე თავს იკავებდა ამ პროცედურების გავლისაგან.
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, თბილისის მერიის ინიციატივით, მიღებული იქნა კანონი ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის შემოღებასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც უკვე დასრულებულ ან დასრულების ეტაპზე მყოფ მშენებლობებს შესაძლებლობა ექნებათ გამარტივებული პროცედურების გავლით და ჯარიმის გადახდის გარეშე, მოახდინონ ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება და შემდგომ მათი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.
კანონში მიღებული ცვლილებების შესაბამისად:
ა) ყველა დასრულებული მშენებლობის მესაკუთრეს - რომელთა მიერ მშენებლობის პროცესში დარღვეულ იქნა არქიტექტურული პროექტი, 6 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება ჯარიმის გადახდის გარეშე, მოახდინოს ობიექტის ექსპლოატაციაში მიღება.
ბ) მოპირკეთების ეტაპზე მყოფი მშენებლობების მესაკუთრეებს - ეძლევათ 6 თვემდე ვადა, რათა დაასრულონ სამშენებლო სამუშაოები და მომართონ თბილისის მერიას ობიექტების ექსპლუატაციაში მისაღებად.
დროებითი წესით სარგებლობისთვის ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების მესაკუთრეებმა მომდევნო 6 თვის განმავლობაში განცხადებით უნდა მომართონ თბილისის მერიას. გამარტივებული წესით სარგებლობა უფასოა და მერიის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტები თავად მოიძიებენ ყველა იმ აუცილებელ დოკუმენტს, რომელიც შენობის ექსპლუატაციაში მისაღებად არის საჭირო.
სიახლე მიზნად ისახავს ყველა პრობლემური მშენებლობის მესაკუთრემ მერიის დახმარებით საჯარო რეესტრში დაარეგისტრიროს საკუთარი შენობა.
ასევე თბილისის მერის ინიციატივით გამოცხადდა ფინანსური ამნისტია სამშენებლო საქმიანობაში, რის საფუძველზეც დაკისრებული ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიერ მშენებლობის დროს დაშვებული დარღვევები ნებაყოფლობით გამოსწორდება 6 თვის განმავლობაში.