23 ივლისს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის „ეკონომიკა და საბანკო საქმის" პირველი ნომრის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.
შეხვედრას საბანკო და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ეკონომიკური ექსპერტები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრებიან. პრეზენტაციას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გახსნის.
ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმის" მთავარი მიზანია, ინსტიტუტის შიგნით დაგროვებული ცოდნისა და ინფორმაციის ფართო აუდიტორიამდე მიტანა. ამასთანავე, ეკონომისტებისა და ფინანსისტებისთვის საუკეთესო შესაძლებლობაა, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებთან დაკავშირებით. ჟურნალი ასევე ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მკვლევარებსა და მეცნიერებს, რომლებიც კონკრეტულ ეკონომიკურ თუ ფინანსურ თემატიკაზე მუშაობენ. ჟურნალის მთავარი რედაქტორი გიორგი ბაქრაძეა.
ჟურნალის ელექტრონულად ნახვა შესაძლებელი იქნება ინტერნეტ ბლოგის მეშვეობით, სადაც თემით დაინტერესებულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები და მიიღოს კონკრეტული თემის განხილვაში მონაწილეობა.