შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, საზოგადოებას მამუკა მიქაუტაძის საქმეზე კითხვები აღარ დარჩა.
„მიქაუტაძის საკითხთან დაკავშირებით სამხარაულის ექსპერტიზის და დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა არის. ვფიქრობ, საზოგადოებას აღნიშნულ საკითხზე კითხვები აღარ დარჩა. ჩემი აზრით, ეს იყო ძალიან მძიმე შემთხვევა, ძალიან განვიცადე, მინდა კიდევ ერთხელ, მთელი გულით, მივუსამძიმრო მის ოჯახს, მართლა ძალიან მძიმე შემთხვევაა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
36 წლის მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.
მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითა არის აღძრული, რაც პირის თვითმკველობამდე მიყვანას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები