თელავის რაიონული პროკურატურა, 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებულ მამაკაცთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს-ამის შესახებ ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ავრცელებს. როგორც პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა „კახეთის საინფორმაციო ცენტრს" განუცხადა, მამაკაცი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს.
„დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. გარდა ამისა, იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს მართლმსაჯულება, თავიდან ავიცილოთ მრავალჯერადი სასამართლო პროცესები და დროის გაწელვა, საპროცესო შეთანხმებას ვაკეთებთ. პირობებზე უკვე შეთანხმებულები ვართ და მის დაზუსტებაზე ვმუშაობთ. 25 ივლისს არის ჩანიშნული პროცესი და შესაძლოა ამ სხდომაზე დასრულდეს ეს საქმე", - განაცხადა ნათია მუხიაშვილმა.
შეგახსენებთ, 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით, 60 წლის მამაკაცი, ახმეტის რაიონში, 20 ივნისს დააკავეს. აღნიშნული ფაქტი 1 წლის წინ მოხდა, თუმცა გოგონამ მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ თქვა. ბავშვის ახლობლები, 25 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი, მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ ისინი გაათავისუფლა და დროებით ქალაქიდან გასვლა აუკრძალა, ბრალდებულს კი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცისთვის წაყენებული ბრალდება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.