კახეთში, პოლიციამ გამოძიება დაიწყო მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელის, 14 წლის გოგონას შესაძლო გაუპატიურების ფაქტზე. არსებული ინფორმაციით, გოგონაზე ფიზიკური ძალადობა იმ პერიოდში განხორციელდა, როცა ის ბავშვთა სახლიდან კანონის დარღვევით ჰყავდათ გაყვანილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა", რომელიც რეგიონში ოჯახური ძალადობის შემცირების ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, მოიძია ინფორმაცია, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლის ხელმძღვანელობას არ ჰქონდა უფლება გოგონა დედისთვის გაეტანებინა.
მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერის განცხადებით, ის ხელმძღვანელობს 2012 წლის დოკუმენტით, სადაც აღნიშნულია, რომ დედას ბავშვთა სახლში შვილების მონახულების და მათი იქიდან დროებით გაყვანის უფლება აქვს.
თუმცა, სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა გაარკვია, რომ ბავშვი გასაშვილობილებელთა რეესტრშია შეყვანილი, დედას შვილებზე უარი 2013 წლის იანვარში წერილობით აქვს ნათქვამი და ამის შესახებ, შესაბამის მუნიციპალიტეტში, სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკს აცნობეს კიდეც.
სხვადასხვა პირები გოგონას მონათხრობზე დაყრდნობით განმარტავენ, რომ მასზე სექსუალური ძალადობა არაერთხელ განხორციელდა.
„სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" ცნობით, ფსიქოლოგიურ ძალადობას განიცდის გოგონას არასრულწლოვანი ძმაც, რომელსაც მშობლების კუთვნილ სახლში არ უშვებს პირი, რომელმაც ის დაისაკუთრა.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში, კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების და მათთან გარყვნილი ქმედების რამდენიმე ფაქტი გამოაშკარავდა.
2013 წლის 11 მაისს, სამართალდამცავებმა, გურჯაანის რაიონში, 46 წლის მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი ამნისტირებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. შსს-ს ინფორმაციით, მარტში, მან თანასოფლელ, 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც 14 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მოგვიანებით, ბრალი გადაკვალიფიცირდა და მამაკაცს 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
„ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 140-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, ვინაიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ვერ დადასტურდა. აღნიშნული მუხლი, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. ეს ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა.
11 ივნისს, სამართალდამცავებმა 4 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, გურჯაანში 65 წლის მამაკაცი დააკავეს. ბავშვის მეზობლების განცხადებით, მამაკაცმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 4 წლის გოგონა და მისი 3 წლის და სახლში მოტყუებით შეიყვანა, ბავშვი გააშიშვლა, რა დროსაც ოთახში ბავშვების დედა შევიდა, რომელიც შვილებს მეზობლებთან ეძებდა. მამაკაცის მიმართ წაყენებული ბრალდება 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს 6 თვით პატიმრობა შეუფარდა.
20 ივნისს, სამართალდამცავებმა ახმეტის რაიონში, 9 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ბრალდებით, 60 წლის მამაკაცი, დააკავეს. აღნიშნული ფაქტი 1 წლის წინ მოხდა, თუმცა გოგონამ მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ თქვა. ბავშვის ახლობლები, 25 წლამდე ასაკის სამი მამაკაცი, მოძალადეს ფიზიკურად გაუსწორდა, რის გამოც სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს. თელავის რაიონულმა სასამართლომ ისინი გაათავისუფლა და დროებით ქალაქიდან გასვლა აუკრძალა, ბრალდებულს კი პატიმრობა შეუფარდა. მამაკაცისთვის წაყენებული ბრალდება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, თელავის რაიონული პროკურატურა მასთან საპროცესო შეთანხმებას აფორმებს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს პროკურორმა ნათია მუხიაშვილმა განუცხადა, მამაკაცი ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს: „დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიას განეკუთვნება. გარდა ამისა, იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად განხორციელდეს მართლმსაჯულება, თავიდან ავიცილოთ მრავალჯერადი სასამართლო პროცესები და დროის გაწელვა, საპროცესო შეთანხმებას ვაკეთებთ. პირობებზე უკვე შეთანხმებულები ვართ და მის დაზუსტებაზე ვმუშაობთ. 25 ივლისს არის ჩანიშნული პროცესი და შესაძლოა ამ სხდომაზე დასრულდეს ეს საქმე", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნათია მუხიაშვილმა.