10 წლის ბიჭის გაუპატიურებაში ბრალდებულ 46 წლის მამაკაცს, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 1,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მამაკაცი ამნისტირებულია და სასჯელაღსრულების დაწესებულება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა.
როგორც პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, მამაკაცს წაყენებული ბრალი შეუმსუბუქდა.
„ბრალდებულის ქმედება სსკ-ის 140-ე მუხლით გადაკვალიფიცირდა, ვინაიდან, ფიზიკური ძალადობის ფაქტი ვერ დადასტურდა. აღნიშნული მუხლი, 16 წელს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის დამყარებას გულისხმობს. ეს ფაქტი დადასტურდა და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თინათინ ზუბაშვილმა.
თავდაპირველად, გამოძიება სსკ-ის 138-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 14 წლამდე ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალმომრეობას გულისხმობს და 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
სამართალდამცავებმა, მამაკაცი, გურჯაანის რაიონში, 11 მაისს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, 2013 წლის მარტში, მან თანასოფლელ 10 წლის მოზარდზე სექსუალური ხასიათის ძალადობა განახორციელა. მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი მიმალვის მიზნით ახმეტის რაიონში მეგობართან გაემგზავრა, სადაც სამართალდამცავებმა დააკავეს.