თბილისის მერის გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს 11:00 საათზე განახლდება.
საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვა წარმოთქვეს. შესავალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება თავად დედაქალაქის მერს გიგი უგულავასაც მიეცა.
მისი განცხადებით, ბრალდების მხარის საკვანძო მოწმეებს წარმოადგენენ, სოზარ სუბარის მოადგილე გიგა გიორგაძე, ასევე "ქართული ოცნების" "ნავში გადამსხდარი" ნიკო ხაჩირაშვილი და მოწმე თევდორაძე.
გიგი უგულავას განმარტებით, ამ ადამიანების მოწმეებად მოყვანა ბრალდების მხარისთვის უადვილესია, რადგან ყველა მათგანი "ერთ ნავში ზის".
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თბილის მერს შპს "თბილ სერვის ჯგუფთან" და ტელეკომპანია "იმედთან" დაკავშირებულ საკითხებს ედავება. გიგი უგულავა სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 182-ე მუხლებით არის ბრალდებული, რაც სხვის ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას გულისხმობს.