იტალიელმა პოლიციელებმა რუს კოლეგებს აუწყეს, რომ მზად არიან გავლენიანი ე.წ. კანონიერი ქურდის ასლან უსოიანის იგივე დედ ჰასანის მკვლელობის საქმის გამოძებაში მათ დახმარება აღმოუჩინონ. საქმე იმაშია, რომ კარაბინიერებს აქვთ ორი ე.წ. კანონიერი ქურდის სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ისინი უსოიანზე თავდასხმის დეტალებს განიხილავენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ჩანაწერი იტალიის პოლიციის მიერ 2012 წლის 18 სექტემბერს რომში გაკეთდა. იმ დღეს ე.წ. კანონიერი ქურდი მერაბ ჯანგველაძე (მერაბ სუხუმსკი) ამ ქალაქში ე.წ. ქურდულ შეკრებას ატარებდა. სწორედ ამ შეკრების დროს, იტალიის პოლიციის მონაცემებით, მერაბ ჯანგველაძესა და მეორე „კანონიერ ქურდს" ტარიელ ონიანს (ტარო) შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ჯანგველაძმე მას აუწყა, რომ შეკრებილები წყვეტენ თუ რა უყონ უსოიანს, რომელთანაც მათ კონფლიქტი აქვთ.
ამაზე ონიანმა, კარაბინიერების მონაცემების თანახმად, მოკლედ უპასუხა: „მოახდინეთ მისი ანულირება და პრობლემები გაქრება".
იტალიის პოლიცია ვარაუდობს, რომ სწორედ ამ საუბარის შემდეგ, შეკრებაზე კრიმინალებმა ასლან უსოიანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელებს კიდევ აქვთ ერთი ჩანაწერი, რომელიც 2013 წელს არის შემდგარი ონიანსა და ჯანგველაძეს შორის, სადაც ისინი სიხარულით საუბრობენ შემდგარ მკვლელობაზე.
თუმცა, რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის შს სამინისტროში იტალიის პოლიციის მიერ გაკეთებულ ჩანაწერებს სკეპტიკურად უყურებენ. „გამოძიებას ისინი ვერაფერში დაეხმარებიან, თავად ამ საქმის გამოძიება კი ძალიან ძნელად მიიწევს წინ და სულაც არ არის გამორიცხული, რომ მალე ეს საქმე საერთოდ შეწყდეს, იმ ფორმულირების თანახმად, რომ „არ არსებობს პირი რომელსაც შესაძლოა სისხლის სამართლის ბრალდება წაეყენოს", _ აცხადებს წყარო რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებში.
შეგახსენებთ, რომ კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი ასლან უსოიანი 2013 წლის 16 იანვარს მოსკოვში მოკლეს.