„ვანუატუს აღმასრულებელი ხელისუფლების ხაზით, პრემიერ მინისტრის ოფისიდან არავითარი შეტყობინება და არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვანუატუ რესპუბლიკა აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას აპირებს ჩვენ არ მიგვიღია", _ აცხადებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ხინთბა.
მისივე თქმით, რამდენიმე ხნის წინ ჯერ კიდევ მაისში პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, თითქოს ვანუატუმ უკან წაიღო აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების გადაწყვეტილება.
„მაშინ ჩვენ ამას „ფანტაზიისა" და „პიარსვლის" შეფასება მივეცით და ეს მართლაც ასე იყო.
ამჯერად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაეროში ვანუატუს წარმომადგენელმა და საქართველოს საგანგებო დავალებათა ელჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ვანუატუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ და ამ ფაქტიდან არავითარ შემთხვევაში არ გამომდინარეობს ის, რომ ვანუატუმ უკან გაიწვია აფხაზეთის რესპუბლიკის აღიარების გადაწყვეტილება", _ აცხადებს ხინთბა.
მისივე განმარტებით, საერთოდ, დამოუკიდებლობის გადაწყვეტილების უკან გაწვევა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა ოფიციალური ნორმატიული აქტის გამოცებით ხორციელდება, რომელიც სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებიდან გამომდინარეობს.
„ვანუატუს აღმასრულებელი ხელისუფლების ხაზით, პრემიერ მინისტრის ოფისიდან არავითარი შეტყობინება და არავითარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვანუატუს აქვს გეგმა რესპუბლიკა აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ ჩვენ არ მიგვიღია",_ აცხადებს ირაკლი ხინთბა, თუმცა აღნიშნავს, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს".
„რა თქმა უნდა ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველას კარგად ესმის თუ რამხელა ზეწოლის ქვეშ იმყოფება ქვეყნები, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარეს.
მათ ემუქრებიან, მათ მოსყიდვას ცდილობენ ჩვენი ქართველი კოლეგები ძალიან გაურკვეველი არიან სახსრების ხარჯვაში და ეს სახსრები მათ ძალიან ბევრი აქვთ, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებმაც აღიარეს ჩვენი დამოუკიდებლობა და მართლაც ჩვენი მეგობრები არიან არ წამოეგებიან ამ სხვა და სხვა სახის სტიმულევბსა და სატყუარებზე რომლებსაც საქართველო და მისი მოკავშირეები იყენებენ", _ აცხადებს ირაკლი ხინთბა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ ვანუატუსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების კომენტირებისას განაცხადა, რომ „ვანუატუს სახელმწიფო პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს".
"გუშინწინ, 12 ივლისს, როდესაც ნიუ-იორკის ელჩსა და საქართველოს მუდმივმოქმედ წარმომადგენელს შორის მოეწერა ხელი ოქმს, საქართველოსა და ვანუატუს რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების თაობაზე, აღსანიშნავია, რომ ამ ოქმში არის ჩანაწერი, რომ ვანუატუ პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ამყარებს მასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს საერთაშორისო ნორმებით აღიარებული საზღვრების ფარგლებში, რაც გულისხმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის-ცხინვალის ტერიტორიებსაც,"- განაცხადა ფანჯიკიძემ.