მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ,,თეთრი საყელოს" დანაშულთან დაკავშირებით სტანდარტის ამაღლებას გეგემავს. ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა ,,თბილისი მარიოტში" ჟურნალისტებთან განაცხადა.
"არის ძალადობრივი დანაშაულები, რომელიც სიცოცხლის, ადამიანის ჯანმრთელობის, ქონების წინააღმდეგ არის მიმართული და არის დანაშაულები, რომელიც ჩადენილია არა ძალადობით, არამედ ინტელექტუალური შესაძლებლობით, მაგალითად, სამოხელეო დანაშაულები, საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულები, სადაც მითვისება, გაფლანგვა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არ არის დაკავშირებული ფიზიკური ძალის გამოყენებასთან. ამ კატეგორიის დანაშაულებს ეწოდება "თეთრი საყელოს" დანაშაული, როდესაც ადამიანს შეუძლია, კაბინეტში ყოფნისას, სუფთად ჩაიდინოს დანაშაული. საუბარია იმაზე, რომ ამ კატეგორიის, "თეთრი საყელოს" დანაშაულებთან დაკავშირებით ამაღლდეს სტანდარტი დაკავებისა და დაპატიმრების კუთხით ანუ თუ ბრალდების მხარე ჩათვლის, რომ საკმარისი საფუძველია იმ ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა ასეთი არაძალადობრივი დანაშაული, მაშინ არჩევანის წინაშე ვდგებით - რა ვქნათ, დავაკაოთ ეს პირი, დავაპატიმროთ, თუ სასამართლო განაჩენამდე იყოს თავისუფალი. საერთო სტანდარტი, რაც არის მსოფლიოში - ევროპაში, ამერიკაში, მიუთითებს იმაზე, რომ ამ ტიპის დანაშაულებებში რეკომენდებულია, არ იყოს დაკავება-დაპატიმრება გამოყენებული. დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რათა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ავწიოთ მაღლა სტანდარტი, რომ ასეთი ტიპის დანაშაულებში მაქსიმალურად ფრთხილები ვიყოთ, შევეცადოთ თავი ავარიდოთ დაკავება-დაპატიმრებას, გამოვყოთ ის კრიტერიუმები, რომლის შემთხვევაშიც ეს აუცილებელია და შევეცადოთ, რომ ეს იყოს ერთიანი პრაქტიკა მთლიანად საქართველოში", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ კბილაშვილი ,,თეთრი საყელოს" დანაშულთან დაკავშირებით პროკურატურის ინიატივას ,,თბილისი მარიოტში" არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, ადვოკატთა ასოციაციის წევრებსა და ექსპერტებს აცნობს.