21 წლის წინ, 1992 წლის 14 ივლისს, "დაგომისის შეთანხმების" საფუძველზე ცხინვალის რეგიონში რუსი "სამშვიდობოები" ჩადგნენ. ოსი სეპარატისტები ამ დღეს "სამშვიდობოების დღეს" უწოდებენ და საზეიმოდ აღნიშნავენ.
1992 წლის 24 ივნისს ედუარდ შევარდნაძისა და ბორის ელცინის მიერ სოჭში, დაგომისში, ხელი მოეწერა შეთანხმებას რომლის ოფიციალური სახელწოდებაა - "სოჭის შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ". ამ შეთანხმებას ხშირად "დაგომისის ხელშეკრულებასაც" უწოდებენ.
1992 წლის 14 ივლისს დაგომისის ხელშეკრულების საფუძველზე, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რუსეთს ე.წ. სამშვიდობო ძალები შევიდნენ, რომელთა ოფიციალური სახელწოდება იყო - "მშვიდობის უზრუნველყოფის შერეული სამშვიდობო ძალები". აღნიშნული სამხედრო ძალა სამი ბატალიონისგან შედგებოდა - რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური.
დაგომისის ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის შექმნას - მასში ცალ-ცალკე მხარეებად შედიოდნენ - რუსეთი, ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ჩრდილოეთ ოსეთი და საქართველო. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, ცხინვალში ეუთოს სადამკვირვებლო მისია განთავსდა.
შეთანხმება ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების პრინციპების შესახებ - დაგომისის შეთანხმება
რუსეთის ფედერაცია და საქართველოს რესპუბლიკა, ესწრაფვიან რა კონფლიქტის მოგვარებასა და ქართველებსა და ოსებს შორის სისხლისმღვრელი ომის დასრულებას, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენის სურვილით ხელმძღვანელობენ. ადასტურებენ რა გაეროს დებულებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის ერთგულებას, ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებების პატივისცემით ხელმძღვანელობენ, ასევე პატივს სცემენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ითვალისწინებენ მიმდინარე წლის 10 ივნისს ყაზბეგში ხელმოწერილ შეთანხმებებს, ეთანხმებიან შემდგომ ქვემოთ მოყვანილს:
მუხლი 1
1. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მომენტიდან მოწინააღმდეგე მხარეები იღებენ ვალდებულებას მიიღონ ყველა ზომა შეიარაღებულ შეტაკებებისა და ცეცხლის სრულ აღსაკვეთად 1992 წლის 28 ივნისისათვის.
2. ცეცხლის შეწყვეტის მომენტიდან 1992 წლის 29 ივნისიდან მოწინააღმდეგე მხარეები იღებენ ვალდებულებას გაიყვანონ საკუთარი შეიარაღებული ფორმირებები დერეფნის შესაქმნელად. ფორმირებების გაყვანა სამი დღეღამის განმავლობაში ხორციელდება. დერეფნის სიფართოვეს ერთობლივი დამკვირვებელთა ჯგუფები განსაზღვრავენ.
მუხლი 2
კონფლიქტის რაიონის დემილიტარიზაციისა და რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების კონფლიქტში შესაძლო ჩართვისგან თავის აცილების მიზნით რუსული მხარე ცეცხლის შეწყვეტიდან 20 დღის განმავლობაში ცხინვალის რაიონში დისლოცირებულ 37-ე საინჟინრო-განმნაღმველთა პოლკსა და 292-ე სამხედრო ვერტმფრენების პოლკს გაიყვანს თავისი დანაყოფებითა და მომსახურების უზრუნველყოფით.
მუხლი 3
1. ცეცხლის შეწყვეტაზე, შეიარაღებული ფორმირებების გაყვანაზე, თავდაცვის ძალების დაშლაზე და აღნიშნულ ზონაში უსაფრთხოებაზე კონტროლის დამყარების მიზნით იქმნება შერეული საკონტროლო კომისია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან კონფლიქტში ჩართული მხარეები, კომისია თავის ფუნქციებს ყაზბეგის მოლაპარაკებების საფუძველზე შექმნილ სამხედრო დამკვირვებელთა ჯგუფთან ურთიერთქმედებაში შეასრულებს.
2. კომისიის მუშაობაში ჩართული ყველა მხარე ნიშნავს თავის წარმომადგენელს. საკონტროლო კომისიის ადგილმდებარეობა არის ქალაქი ცხინვალი.
3. საკონტროლო კომისიის მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად მხარეთა შეთანხმების მიხედვით იქმნება მშვიდობის უზრუნველყოფისა და მართლწესრიგის დაცვის შერეული ძალები. კომისიასთან ასევე შეიქმნება დამკვირვებელთა ჯგუფები რომლებიც უსაფრთხოების ზონის პერიმეტრზე განთავსდება.
4. საკონტროლო კომისია და მასთან არსებული ძალები დაუყოვნებლივ იწყებენ მათზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას.
5. არსებული შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში საკონტროლო კომისია ატარებს გამოძიებას და მიმართავს უსწრაფეს ზომებს მართლწესრიგისა და მშვიდობის აღდგენისათვის.
6. საკონტროლო კომისიისა და მასთან არსებული ძალების დაფინანსება ხორციელდება მხარეთა მიერ თანასწორ წილობრივ საფუძველზე.
მუხლი 4
მხარეები დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს კონფლიქტის ზონაში მდებარე რაიონების ეკონომიკური აღდგენისათვის და დევნილთა დაბრუნების პირობების შექმნისათვის. მხარეები მიიჩნევენ დაუშვებლად ეკონომიკური სანქციებისა და ბლოკადის განხორციელებას ან სხვა რაიმე სახის წინაღობის განხორციელებას საქონლის ბრუნვის, ადამიანების მომსახურების და ჰუმანიტარული დახმარების განხორციელების გზაზე.
მუხლი 5
მხარეები უნდა ესწრაფვოდნენ კონფლიქტის დარეგულირების პროცესის მედიითა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროცესის ობიექტურ და დაბალანსებულად გაშუქებას. ამ მიზნით კომისიის მიერ ფუძნდება მრავალმხრივი პრესცენტრი.
მუხლი 6
არსებული ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის მომენტიდან. შექმნილია სოჭში 1992 წლის 24 ივნისს სამ ეგზემპლარად - ქართულ, რუსულ და ოსურ ენაზე, ამასთან ტექსტებს ერთნაირი იურიდიული ძალა აქვთ.
ხელშეკრულებას ხელს აწერენ:
რუსეთის ფედერაციის მხრიდან: ბ. ელცინი
საქართველოს რესპუბლიკის მხრიდან: ე. შევარდნაძე, ა. გალაზოვი, ტ. კულუმბეგოვი.
სოჭი 1992 წელი ("დაგომისის შეთანხმება").
შეგახსენებთ, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამით, რუსეთის ფედერაციამ ვერაგულად დაარღვია საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სუვერენული საზღვრები და მის ტერიტორიაზე ცხინვალის რეგიონის მხრიდან, როკის გვირაბის გავლით შემოიჭრა. რუსეთის ფედერაციამ საბრძოლო მოქმედებები დაიწყო ასევე საქართველოს რუსეთის მოსაზღვრე მეორე რეგიონში - აფხაზეთში.
რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია მოახდინა და ის მყოფი სეპარატისტების ე.წ. დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა.
დღემდე რუსეთის ფედერაცია უგულებელყოფს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის, ძალების გაყვანისა და მათ კონფლიქტამდე არსებული დისლოკაციის ადგილზე დაბრუნების ხელშეკრულების შესრულებას, რომელსაც ხელი საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტება მოაწერეს. ამ ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის ფედერაციამ თავისი სამხედრო ძალა 2008 წლის 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დააბრუნოს. ამჟამად, საქართველოს ეს ორი რეგიონი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება.