შინაგან საქმეთა სამინისტროში პროექტ „Twining"-ის დახურვის ცერემონიას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციათა მართვის დეპარტამენტის დირექტორი, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები, პროექტის ხელმძღვანელი ფილიპ ნარდინი, პროექტის მუდმივი მრჩეველი ჟან ფრედ კრუზილარდი, ევროკავშირის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები. შეხვედრისას მხარეებმა პროექტის მიმდინარეობისას განხორციელებული ტრენინგები და ღონისძიებები შეაფასეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
„Twining"-ის პროექტი ოთხ კომპონენტს მოიცავდა: შს საგანგებო სიტუაციათა მართვის რეაგირების საშუალებების განვითარებას, საქართველოში სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების გაუმჯობესებას, ეროვნულ დონეზე პრევენციული მოქმედებებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას და მოსახლეობაში რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტი ითვალისწინებდა სამოქალაქო თავდაცვის სფეროსა და საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებას. უცხოელმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებს სამოქალაქო თავდაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით რეკომენდაციები მისცეს და მომზადდა შესაბამისი ინსტრუქციები.
„Twining"-ის პროექტი ერთი წლის განმავლობაში ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერას საგანგებო სიტუაციების მართვის გაუმჯობესების საკითხში.