2013 წლის 12 ივლისს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან 41 მსჯავრდებული - 14 ქალბატონი და 27 მამაკაცი გათავისუფლდა. გათავისუფლებულებს შორის 3 მსჯავრდებული მამაკაცი სხვადასხვა მძიმე დაავადებების მქონეა.
კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. შუამდგომლობების განხილვისას კომისიის წევრებმა გაითვალისწინეს მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის და ოჯახური მდგომარეობა. ამასთანავე შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები.
მსჯავრდებული ქალბატონების შემთხვევაში, ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების დახასიათების, ასევე, პატიმართა და მათი ოჯახის წევრების შესახებ დეტალური ინფორმაციის შეკრების გარდა, კომისიის წევრები უშუალოდ გაესაუბრნენ იმ მსჯავრდებულებს, რომელთა შუამდგომლობებს კომისია განიხილავდა. მსგავსი პრაქტიკა მუდმივმოქმედი კომისიის მუშაობაში, გარდა არასრულწლოვნებისა, 2013 წლამდე გამოყენებული არ ყოფილა.
პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედ კომისიაში სულ 300-მდე შუამდგომლობა შევიდა.