გიორგი ვაშაძე სასამართლოს მიერ მისი სახლის დაყადაღების შესახებ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. როგორც პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა ხელისუფლება ჯოზეფ ქეის ,,ოქროს მოწმედ" იყენებს.
,,გუშინ სასამართლომ მიიღო აბსოლუტურად უპრეცედენტო გადაწყვეტილება დაყადაღებული ჩემი პირადი სახლი აზრის გამოხატვისთვის, რაც მე ვთქვი ჯოზეფ ქეისთან დაკავშირებით. პირველი და მნიშვნელოვანი დღემდე სასამართლო პრაქტიკას არ ახსოვს ასეთი გადაწყვეტილება და პირველი შემთხვევაა, როცა სარჩელის უზუნველსაყოფად მოხდა კერო საკუთრების დაყადაღება, ამ შემთხვევაში ჩემი და ჩემი სახლის დაყადაღება. მეორე მნიშვნელოვან საკითხს რაც შეეხება, სამწუხაროა, რომ ხელისუფლებისთვის ჯოზეფ ქეი გახდა მართლაც ,,ოქროს მოწმე", სხვადასხვა საქმეებთან მიმართებაში და როგორც ჩანს ახლა ცდილობენ ჩემთან მიმართებაში გამოიყენონ ჯოზეფ ქეი როგორც სარჩელის მხარე", _განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ვაშაძის განმარტებით მას აქვს სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, რის გამოც მან ქეის ყაჩაღი უწოდა.
შეგახსენებთ, რომ დეპუტატ გიორგი ვაშაძის სახლი დაყადაღებულია, ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ჯოზეფ ქეის მოთხოვნის შემდეგ მიიღო. ქეი აცხადებს, რომ მას შეურაცხყოფა მიაყენეს, როდესაც გიორგი ვაშაძემ მას საერთაშორისო თაღლითი უწოდა და სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ ამ განცხადების საფუძველზე მიიღო.