მთავარი პროკურატურა მამუკა ივანიაძის განცხადებას ეხამიანება, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"2013 წლის 11 ივლისს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ბრალდებულ მამუკა ივანიაძის მიერ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული განცხადების საფუძველზე, რომელშიც უთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა მხრიდან ჩვენების მიცემისას განხორციელებული ზეწოლის ფაქტზე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით.
შემჭიდროებულ ვადებში გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად საქმეზე შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი და მამუკა ივანიაძის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში მიღებულ იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება", - ნათქვამია განცხადებაში.
cnobiosTvis, სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმეში ბრალდებულმა მამუკა ივანიაძემ განაცხადა, რომ მას სოფლის მეურნეობის მინისტრის, დავით კირვალიძის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. ივანიაძის თქმით, დაკავების შემდეგ მის მიმართ ხორციელდებოდა სერიოზული ზეწოლა, საბოლოოდ კი ჩვენება პროკურორ გიორგი დავითაშვილის კარნახით დაწერა. "მოდულის შენობაში შესვლიდან დაიწყო ჯოჯოხეთი. 12-მდე პიროვნება პერიოდულად შემოდიოდა, ვისაც რა უნდოდა შეგინებით, შეურაცხყოფით გრძელდებოდა ზეწოლა ოთხი საათის განმავლობაში. პერიოდულად, ვიღაც პიროვნება, რბილი ფორმებით, თითქოს ჩემზე ზრუნავდა, მირჩევდა რაღაც მეთქვა. ისინი მპირდებოდნენ, რომ თუ მივცემდი ჩვენებას, გამათავისუფლდებდნენ, თუ არადა - დამაპატიმრებდნენ", - განაცხადა მამუკა ივანიაძემ. ბრალდებულის თქმით, სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე მისი კლასელია და ჩვენებას მიცემას მის წინააღმდეგ სთხოვდნენ, რაც სასჯელაღსრულების მე-8 საპყრობილეში გადაყვანის შემდეგაც გაგრძელდა. ივანაძის განცხადებით, ჩვენება არც კი წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი და როდესაც სასამართლო პროცესი გაიმართება, აღნიშნულ ჩვენებას აუცილებლად შეცვლის.