,,ცენტრ პოინტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი თავს დამნაშავედ არ სცნობს. როგორც ჟურნალისტებთან დაკითხვის დასრულების შემდეგ მაია რჩეულიშვილმა განმარტა, ის რომ თაღლითი ყოფილიყო ,,დექსუს" სამართავად არ გადასცემდა 94 მილიონ 215 დოლარის ქონებას.
,,ძიება იმდენი ხანია მიმდინარეობს, რომ ვერ ვიტყვი რაიმე პოლიტიკას უკავშირდებოდეს, უბრალოდ იმდენი საჩივარია პროკურატურაში შეტანილი, რომ წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პროკურატურას ყურადღება არ მიექცია", _განაცხადა მაია რჩეულიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ მაია რჩეულიშვილს წარუდგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით);180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (თაღლითობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით).
ივანე ცაგურიას წარედგინა ბრალდება დანაშაულთათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25 ,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით (დახმარება თაღლითობაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით), 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით და დიდი ოდენობით).
გამოძიების მოთხოვნით დაყადაღებულია „ცენტრ პოინტი ჯგუფი"-ს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების და კომპანიების არაერთი უძრავი ქონება, ასევე შპს „დექსუსი"-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიის შპს „ალიანს კაპიტალი"-ს საკუთრებაში რიცხული არაერთი უძრავი ქონება. გამოძიება გრძელდება.