ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში "PABSEC"-ის გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს ასამბლეის თავჯდომარეობა 6 თვის ვადით გადაეცა.
დღეს ბულგარეთის სახალხო კრების თავჯდომარემ, მიხაილ მიკოვმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, "PABSEC"-ის ახალარჩეულ ვიცე-პრეზიდენტს დავით საგანელიძეს „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის" თავჯდომარეობის სიმბოლო, ჩაქუჩი გადასცა და გამოთქვა იმედი, რომ საქართველო ამ პასუხისმგებელ პოსტზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს „PABSEC"-ის წევრი ქვეყნების თანამშრომლობის გაღზმავებისა და ასამბლეის მიერ დასახული მიზნების მიღწევებისთვის.
დღეს ბულგარეთში „შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეამ" მუშაობა ოფიციალურად დაასრულა. ასამბლეის წევრი-ქვეყნებმა და ევროპის ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, საგანმანათლებლოსა და ტურიზმის სფეროებში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. დელეგაციებმა ასევე იმსჯელეს აღნიშნულ სფეროებში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავების გზებზე.
2013 წლის დეკემბერში „PABSEC"-ის გენერალური ასამბლეის სხდომას საქართველო უმასპინძლებს.