ფირმა „Booz Allen Hamilton", სადაც ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურების გაქცეული თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი მუშაობდა, არ არის კავშირში მის მიერ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების ფაქტთან მიმართებაში. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
ამერიკის სპეცსამსახურები და სამხედრო უწყებები ხშირად იყენებენ კერძო კომპანიების მომსახურებას თავიანთი საქმიანობის პროცესში. ფირმა „Booz Allen Hamilton" სწორედ ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ფირმას არ აქვს კავშირი სნოუდენის ქმედებებთან. ფირმის ხელმძღვანელობამ იმ დღესვე გაათავისუფლა ედუარდ სნოუდენი სამსახურიდან, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში და ელოდება თავშესაფარს. პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით სნოუდენმა 30-ზე მეტ ქვეყანას მიმართა. ბოლივიამ, ნიკარაგუამ და ვენესუელამ უკვე დაადასტურეს, რომ მზად არიან სნოუდენს თავშესაფარი მისცენ. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.