დღეს, 27 თებერვალს, გამოჩენილი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის, მამაკაცის ცეკვის რეფორმატორისა და ქართული ბალეტის ფუძემდებლის, ვახტანგ ჭაბუკიანის იუბილეა. მას დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა.
2009 წლის დეკემბერში "იუნესკოს" გენერალური კონფერენციის 35-ე სესიამ დაამტკიცა იმ საიუბილეო თარიღების ჩამონათვალი, რომლებიც 2010-2011 წლებში აღინიშნება იუნესკოს წევრი სახელმწიფოების მიერ. მსოფლიო მნიშვნელობის 63 იუბილის ჩამონათვალში შეტანილია ვაჟა-ფშაველას დაბადების 150 წელი (აღინიშნება 2011 წელს), ვახტანგ ჭაბუკიანის დაბადების 100 წელი (აღინიშნება 2010 წელს) და სვეტიცხოვლის აღმშენებლობის 1000 წლისთავი (აღინიშნება 2010 წელს).
ჭაბუკიანის საიუბილეო ღონისძიებები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდება. ძირითადი საიუბილეო ღონისძიებები კი 2010 წლის აპრილშია დაგეგმილი, რადგან თებერვალში საბალეტო დასი ერთთვიან გასტროლზე იმყოფება იაპონიაში.
ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელის ნინო ანანიაშვილის განცხადებით, ვახტანგ ჭაბუკიანის 100 წლისთავთან დაკავშირებით აპრილში თბილისში საიუბილეო საბალეტო ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება მსოფლიო ბალეტის ვარსკვალავებთან. ფესტივალის ფარგლებში, დასის რეპერტუარიდან, წარმოდგენილი იქნება რამდენიმე სპექტაკლი, რომელშიც მთავარ პარტიებს სწორედ ბალეტის ვარსკვალავები იცეკვებენ. ფესტივალი დასრულდება საიუბილეო გალაკონცერტით.
"ჩვენი მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნოს ისეთი დიდი ხელოვანის საიუბილეო თარიღი, როგორიც ვახტანგ ჭაბუკიანი გახლდათ. საბალეტო სამყარო დიდადაა მისგან დავალებული. დღეს ბევრმა არ იცის, რომ ის ვარიაციები და ცალკეული ცეკვები, რომლებიც ბევრ კლასიკურ ბალეტში სრულდება, სხვადასხვა თეატრის სცენებზე, სწორედ მის მიერაა შექმნილი. იუნესკოს მიერ ამ გადწყვეტილების მიღება ამ საქმეში კიდევ უფრო დაგვეხმარება. უკვე დაგვიკავშირდა მსოფლიოს მრავალი გამოცემები და გვთხოვეს მასალა ჭაბუკიანის შემოქმედების შესახებ. ბევრ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვგეგმავთ, რომელსაც მალე გავაცნობთ საზოგადოებას. მათ შორის მნიშვნელოვანი იქნება გალაკონცერტისთვის მისი ქორეოგრაფიით შექმნილი ცალკეული ვარიაციების თუ ცეკვების აღდგენა", - განაცხადა მან.