მამუკა მიქაუტაძის მეუღლეს გამომძიებლები საკუთარ სახლში დილის 5 საათამდე კითხავდნენ. ზიზი ეძგვერაძის 7-საათიანი დაკითხვის პროცესს ორი გამომძიებელი და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადვოკატი დაესწრნენ.
გამოძიების ინფორმაციით, მიქაუტაძის მეუღლის, როგორც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ჩვენებას, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სამართალდამცავები დაინტერესდნენ - რა მოხდა ტრაგედიამდე და რა უთხრა მიქაუტაძემ მეუღლეს სიკვდილამდე. გამომძიებლებმა სახლიდან მიქაუტაძის პირადი ნივთებიც წაიღეს.
მამუკა მიქაუტაძის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ცნობილი დღეს გახდება. დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელმაც მიქაუტაძის ცხედარს გარეგანი მოკვლევა ჩაუტარა, დასკვნას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას" დღის მეორე ნახევარში გადაცემს.
საია ექსპერტიზის პასუხის გასაჯაროებას აპირებს და მიქაუტაძის საქმეზე რეაგირებას ითხოვს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილს ისეთი დაზიანებები აღენიშნება, რომელსაც ის თვითმკვლელობის შემთხვევაში ვერ მიიღებდა.