მოძრაობა „ძმები მუსულმანების" წარმომადგენლებმა ეგვიპტეში ახალი დემონსტრაციების გამართვის შესახებ მოწოდებები გაავრცელეს, მას შემდეგ, რაც გადაყენებული პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მომხრეების მიერ რესპუბლიკური გვარდიის შტაბ-ბინაზე იერიში მიტანის მცდელობისას 50 ადამიანზე მეტი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
„სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, რასაც საპროტესტო აქციის დარბევა და რესპუბლიკური გვარდიის შენობასთან მასობრივი ხოცვა მოჰყვა, ჩვენ მოვუწოდებთ მთელ ქვეყანას, გამოვიდეს ქუჩაში და შეუერთდეს ახალ საპროტესტო მოძრაობას", - განცხადა კოალიციის ლიდერმა ატემ აზამმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მოსახლეობას მას შემდეგ, რაც ხალხმა გვარდიის შენობის ღობეზე გადაძრომა სცადა. აღნიშნულ ყაზარმებში დაუდგენელი ვადითაა დაკავებული ეგვიპტის უკვე ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მურსი. პროტესტის მონაწილეების მტკიცებით, პოლიციამ და გვარდიამ დემონსტრაციის დარბევა გაუფრთხილებლად, დილის ლოცვის დროს დაიწყო.
ეგვიპტის დროებითი პრეზიდენტი ადლი მანსური მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ყველა ვალდებულია, გამოიჩინოს თავშეკავებულობა და ყველაფერზე მაღლა დააყენოს ქვეყნის ინტერესები.
მასალის გამოყენების პირობები