ავღანეთის ხელისუფლებამ დააკავა ამერიკელი თარჯიმანი, რომელიც ეჭვმიტანილია მშვიდობიანი მოსახლეობის წამებისა და დახოცვის პროცესებში მონაწილეობაში. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყანდაღარში დაპატიმრებული თარჯიმანის საცხოვრებლის ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 3 პისტოლეტი, პორტატული კომპიუტერი და რამდენიმე ყალბი პასპორტი აღმოაჩინეს.
ზაკარი კანდაჰარი ავღანეთის ხელისუფლების მიერ იძებნებოდა 17 ავღანელის დაკარგვის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ავღანელების გაუჩინარების ფაქტს უკავშირებენ ამერიკული სპეციალური დანიშნულების რაზმს, სადაც კანდაჰარი მუშაობდა.
ამერიკის შეერთებული შტატების არმია უარყოფს ავღანელების გაუჩინარებასთან რაიმე ფორმით კავშირს. ექსპერტების აზრით, აღნიშნული ინციდენტი გავლენას მოახდენს შტატებსა და ავღანეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს.
შეგახსენებთ, რომ უსაფრთხოების შეთანხმების თანახმად, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ავღანეთს შორის უნდა გაფორმდეს, ამერიკელი სამხედროები, შესაძლოა, ავღანეთში 2014 წლის შემდეგაც დარჩნენ.