გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი ბან კი მუნი სირიის ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტების შესწავლას მოითხოვს. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის პრეს-სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„მე იმედი მაქვს, რომ სირიის ხელისუფლება ითანამშრომლებს შესაბამის სტრუქტურებტან და ექსპერტებს საშუალება ექნებათ, ჩავიდნენ სირიაში და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე შეისწავლონ კონფლიქტისას ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტები. აღნიშნულ საკითხში თანამშრომლობა სირიისთვის ნდობის განმტკიცების პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება", - ნათქვამია ბან კი მუნის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სირიაში მიმდინარე კონფლიქტისას ადგილი ჰქონდა ქიმიური იარაღის მასობრივი გამოყენების ფაქტებს. სამოქალაქო დაპირისპირება და კონფლიქტი სირიაში უკვე ორი წელია გრძელდება. ამ ხნის მანძილზე, გაეროს მონახემებით, დაიღუპა 80 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო 2 მილიონზე მეტი ლტოლვილად იქცა.
მასალის გამოყენების პირობები