თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა უტარდება. მამუკა მიქაუტაძის ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ იგი მოკლულიც იყოს და ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვენ ვისთანაც გარდაცვლის ბოლო პერიოდში კავშირი ჰქონდა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინიციატივით საქმეში უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი
შეგახსენებთ, რომ 36 წლის მამაკაცმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა. ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი.
ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ წამებით პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიაცემინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანიც ადასტურებს, რომ გარდაცვლილი დაკითავაზე ნამდვილად იმყოფებოდა. მისი თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.