ბოლივიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი მზად არიან პოლიტიკური თავშესაფრით უზრუნველყონ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების გაქცეული თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
სნოუდენისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების თაობაზე რაიმე სახის კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება. უკანასკნელი ინფორმაციით მას თავშესაფარს ვენესუელა და ნიკარაგუაც სთავაზობს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში და ელოდება თავშესაფარს. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.
მასალის გამოყენების პირობები