ეგვიპტის პრემიერ-მინისტრის პოსტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მოჰამედ ბარადეი დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
71 წლის ბარადეი ეგვიპტის ლიბერალურ და მემარცხენე პარტიათა ალიანსს ხელმძღვანელობს. 2005 წელს იგი გახდა ნობელის პრემიის ლაურიატი მშვიდობის დარგში. სამხედროების მიერ მმართველ თანამდებობებზე დანიშნული პირები დაკისრებულ მოვალეობებს არჩევნებამდე განახორციელებენ. ახალი არჩევნების თარიღი ჯერ-ჯერობით დანიშნული არაა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. მოჰამედ მურსი და მოძრაობა „ძმები მუსულმანების" ლიდერები დაკავებულები არიან. ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა ადლი მანსურმა, სამხედროების გადაწყვეტილებით, როგორც ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა, ფიცი დადო და მოვალეობის აღსრულებას შეუდგა.