36 წლის მამაკაცმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ თბილისის ზღვაში სცადა თავის დახრჩობა, შემდეგ კი ხეზე ჩამოიხრჩო თავი.
ოჯახის წევრების განცხადებით, ღამით ის პოლიციამ დააკავა და რამდენიმე საათის განმავლობაში მთავარ სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდა. თვითმკვლელობამდე ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ წამებით პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება მიაცემინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, გარდაცვლილი გუშინ დაკითხვაზე იყო.
"დაკითხვის შემდეგ გაუშვეს სახლში. მას წინასწარვე განემარტა, რომ მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ გაუშვებდნენ. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, ამაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით. პოლიციელების მხრიდან ამ პირზე რაიმე სახის ზეწოლა არ დაფიქსირებულა" , - აცხადებს გიორგობიანი.
სამართალდამცავები ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.