ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურების გაქცეული თანამშრომელი ედუარდ სნოუდენი, რომელიც 23 ივნისიდან მოსკოვში იმყოფება, პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით კიდევ 6 ქვეყანას მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური სკანდალებით სახელგანთქმული ვებ-გვერდი „Wikileaks" ავრცელებს.
ონლაინ პორტალი არ აკონკრეტებს თუ რომელ 6 ქვეყანას მიმართა სნოუდენმა. ჯაშუშობაში ბრალდებული ედუარდ სნოუდენი ამ დროისთვის პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით უკვე 21ქვეყანას მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში და ელოდება თავშესაფარს. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.