ეგვიპტეში, ქაიროსა და სხვა ქალაქებში, გადაყენებული პრეზიდენტის მოჰამედ მურსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 210 მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ეგვიპტის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ცნობებზე დაყრდნობით, ბი-ბი-სი ავრცელებს.
ეგვიპტეში არეულობის მასშტაბები მატულობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკური ისლამის მომხრე ათი ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოდის. გადაყენებული პრეზიდენტის მომხრეების დაპირისპირება და შეტაკებები ეგვიპტის არმიასთან და მათთან, ვინც მურსის წინააღმდეგ კვირების განმავლობაში საპროტესტო აქიებს მართავდნენ, დღითიდღე მძაფრდება და სისხლიანი ხდება. უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში შეტაკებებისას 60 ადამიანზე მეტი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეგვიპტის არმიამ ქვეყნის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი გადააყენა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. მოჰამედ მურსი და მოძრაობა „ძმები მუსულმანების" ლიდერები დაკავებულები არიან. ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა ადლი მანსურმა, სამხედროების გადაწყვეტილებით, როგორც ეგვიპტის დროებითმა პრეზიდენტმა, ფიცი დადო და მოვალეობის აღსრულებას შეუდგა.