სექტემბრიდან სიგარეტს გაძვირება, ხოლო საქართველოს სომხეთიდან სიგარეტის კონტრაბანდა ემუქრება. სიგარეტის მწარმოებლები წინასწარ ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი თეთრით გააძვირებენ პროდუქციას, თუმცა კომპანიები აქციზის გადასახადის გაძვირების შემდეგ სომხეთიდან კონტრაბანდული სიგარეტის შემოდინებას არ გამორიცხავენ.
JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ და ზოგადად ინდუსტრიამ შესაბამისი ხედვა და მოსაზრება მთავრობას ოფიციალურად უკვე გააცნო.
„როგორც თამბაქოს ინდუსტრიამ, ვიცოდით, დაახლოებით 1 წელიწადში აქციზის გადასახადი 30 თეთრით უნდა გაძვირებულიყო, რასაც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ, რადგანაც ამ სქემის ამუშავებისთანავე სომხეთიდან წამოვა სიგარეტის კონტრაბანდა. აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ ფინანსთა მინისტრს და მივწერეთ მთავრობას. ნოდარ ხადურმა ჩვენი მოსაზრება რისკებთან დაკავშირებით გარკვეულწილად გაითვალისწინა. ამ ეტაპზე საუბარია ფილტრიანი სიგარეტის აქციზის გადასახადის - 15 თეთრით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე 5 თეთრით გაზრდაის შესახებ. თუმცა, ინდუსტრიისთვის ესეც მოულოდნელი იყო, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ აქციზის გადასახადი უნდა გაზრდილიყო 2014 წელს და არა 2013 წლის სექტემბერში. აქციზის გადასახადის გაძვირების შემდეგ გარანტია არ არსებობს, რომ სომხეთიდან საქართველოში სიგარეტის კონტრაბანდა არ დაიწყება. როცა აქციზზე ვსაუბრობთ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, არალეგალურ ვაჭრობამდე რომ არ მივიდეთ, რასაც დღეს ადგილი აქვს უკრაინაში და რასაც ადგილი ჰქონდა საქართველოში 2005 წელს. წლების წინ ზურაბ ნოღაიდელის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ სიგარეტის აქციზის გადასახადი 40 თეთრიდან 90 თეთრამდე აეწია. იმ დროს სიგარეტი რუსეთიდან ძირითადად საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონიდან: სამაჩაბლოდან და აფხაზეთიდან შემოდიოდა, თუმცა ამჟამად სიგარეტი რუსეთიდან არ შემოვა, რადგანაც იქ უფრო ძვირია. სამაგიეროდ კონტრაბანდული სიგარეტი შემოვა სომხეთიდან და ბიუჯეტი დაკარგავს ფულს.
თუმცა, მაშინ მთავრობამ არალეგალური ვაჭრობის მასშტაბი გააცნობიერა და საბოლოოდ აქციზის გადასახადი 60 თეთრამდე დასწია. მას შემდეგ ბაზარი დასტაბილურდა და დღეისათვის ქვეყანაში სიგარეტით არალეგალური ვაჭრობა ფაქტობრივად არ ხდება. მთავრობის წევრებთან შეხვედრისას მე ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ჩვენ ერთ ნავში ვზივართ, რადგანაც თუ ჩვენ დავკარგავთ შემოსავალს, მთავრობაც დაკარგავს ფულს," - აცხადებს ნიკო მჭედლიშვილი. მისი განმარტებით, თამბაქოს მოხმარებასთან მიმართებაში ყველაზე მკაცრი პოზიცია ჯანდაცვის სამინისტროს აქვს, თუმცა ეს გასაგებიცაა.
„ჩვენ გვესმის მათი, თუმცა აკრძალვები, თუნდაც უკრაინის მაგალითიდან გამომდინარე, არ ნიშნავს იმას, რომ ბაზარი შემცირდება და ყველა შეწყვეტს მოწევას. ასეთი იდეალური მაგალითები არ არსებობს. სიგარეტის გაძვირების შემდეგ გაიზრდება კონტრაბანდა. კიდევ არის მეორე საშიშროება - როდესაც სიგარეტი გაძვირდება და მწეველი ადამიანი კონკრეტული სიგარეტის შეძენას ვერ მოახერხებს, მაშინ ის შედარებით დაბალი ფასისა და ხარისხის სიგარეტის მოხმარებაზე გადავა და მისი ჯანმრთელობა უფრო დაზიანდება. ამ მიმართულებითაც გონივრული მიდგომაა საჭირო. ამიტომ უნდა შეიქმნას ისეთი რეგულაცია, რომლითაც შედეგი მიიღწევა,"- განმარტავს მჭედლიშვილი.
JTI Caucasus-ში აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან აქციზის განაკვეთის ნებისმიერ რადიკალურ ზრდას, რამდენადაც ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს უკანონო ვაჭრობის მაპროვოცირებელ გარემოებებს, რაც უარყოფით გავლენას იქონიებს ბაზარზე და შეამცირებს სახელმწიფო შემოსავლებს.
JTI ემხრობა აქციზის თანდათანობით ზრდას დროის საშუალო და გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში, რაც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომობის შენარჩუნებას და გადასახადების სტაბილურ ზრდას. ძალიან მნიშნელოვანია ამ გარემოების გათვალისწინება საქართველოში 2005 წელს აქციზის მკვეთრი ზრდის შედეგად არსებული სიტუაციის გამეორების თავიდან ასაცილებლად: ამ დროს საქართველოში ბაზრის 65%-ი უკანონო პროდუქციას ეკავა, რის გამოც საჭირო გახდა აქციზის განაკვეთების დაწევა არასასურველი შედეგების დარეგულირებისათვის.
მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნების სააქციზო განაკვეთებთან თანხვედრა სასაზღვრო ვაჭრობისა და კონტრაბანდის მასტიმულირებელი გარემოებების აღმოცენების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით. იდეალურ შემთხვევაში, უკანონო ვაჭრობის პრევენციის მიზნით გადასახადის ზრდა საქართველოში უნდა იქნეს სინქრონიზირებული სომხეთის გრძელვადიან აქციზურ გეგმასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ვფიქრობთ, საქართველოს აქციზური გეგმა აგრეთვე უნდა ითვალისწინებდეს რეგიონში სიგარეტების ხელმისაწვდომობის მაჩვენებელს და აქციზის გადასახადების დონეებს.
JTI მხარს უჭერს სააქციზო გადასახადის გაზრდის ქვემოთმოყვანილ გეგმას, ამასთანავე ემხრობა რეგულარულ განხილვებს ბაზრის კანონიერების დაცვისა და სახელმწიფო შემოსავლების უზრუნველსაყოფად.
ვფიქრობთ, საგადასახადო პოლიტიკა და გადასახადების ზრდა არ უნდა წარმოადგენდეს თამბაქოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ნაწილს და უნდა დარჩეს ფინანსთა სამინისტროს ან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პასუხისმგებლობის სფეროში.
JTI მხარს უჭერს კარგი საგადასახადო პოლიტიკის შემდეგი მთავარი პრინციპების გატარებას:
1. საგადასახადო შოკის თავიდან აცილების მიზნით აქციზის თანდათანობითი ზრდის განხორციელება, რამდენადაც ეს უფრო ეფექტურია ხელისუფლების მიერ დასახული ამოცანების განხორციელების თვალსაზრისით;
2. მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომობის მონიტორინგი, კერძოდ, მოსახლეობის დაბალი შემოსავლის მქონე სეგმენტებში;
3. მეზობელ ქვეყნებთან დიდი საგადასახადო განსხვავებების თავიდან აცილება;
4. აქციზის გადასახადის გეგმის შემუშავება რომელიც გათვლილი იქნება დროის ხანგრძლივ პერიოდზე"- აცხადებენ JTI Caucasus-ში.
„ჯი-ეიჩ-ენი" მაია არაბიძე