ეგვიპტის საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელმა ადლი მანსურმა, რომელმაც ეს თანამდებობა 1-ელ ივლისს დაიკავა, ფიცი დადო. ინფორმაციას ამის შესახებ ეგვიპტის ტელევიზია ავრცელებს.
სამხედროთა გეგმების თანახმად, რომლებმაც პრეზიდენტი მურსი თანამდებობიდან გადააყენეს, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გახდეს ქვეყნის დროებითი პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რომ ეგვიტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამმედ მურსი დაპატიმრებულია. მუჰამმედ მურსი ერთ ერთ სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში იმყოფება.
ეგვიპტის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ მურსის განუცხადეს, რომ ის აღარ არის სახელმწიფოს მეთაური. სატელევიზიო მიმართვაში ეგვიპტის ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მურსიმ თავი ვერ გაართვა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას, იგი გადაყენებულია და შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება.
ქვეყნის ჯარების სარდალმა აბდელ ფატახ სისიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა და ჩატარდება ვადამდელი არჩევნები.
ამ გადაწყვეტილებამდე ეგვიპტელმა სამხედროებმა ქაიროს ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს. სამხედროების თქმით, მათი მიზანია საზოგადოება, განურჩევლად ნებისმიერი კუთვნილებისა, საფრთხისგან დაიცვან.
აღნიშნულ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა დემონსტრანტების მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით.