ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი დაპატიმრებულია. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს. ისლამისტური მოძრაობა, „ძმები მუსულმანები", რომლებსაც მურსი წარმოადგენდა აცხადებს, რომ მუჰამედ მურსი ერთ ერთ სამხედრო ბაზაზე პატიმრობაში იმყოფება. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მურსისთან ერთად დაპატიმრებულია მისი რამდენიმე მაღალჩინოსანი მომხრე.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა პრეზიდენტ მურსის განუცხადეს, რომ ის აღარ არის სახელმწიფოს მეთაური. სატელევიზიო მიმართვაში ეგვიპტის ჯარების სარდლობამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მურსიმ თავი ვერ გაართვა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას, იგი გადაყენებულია და შეჩერებულია კონსტიტუციის მოქმედება. ქვეყნის ჯარების სარდალმა აბდელ ფატახ სისიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება დროებითი მთავრობა და ჩატარდება ვადამდელი არჩევნები. ამ გადაწყვეტილებამდე ეგვიპტელმა სამხედროებმა ქაიროს ქუჩებში ჯავშანტექნიკა გამოიყვანეს. სამხედროების თქმით, მათი მიზანია საზოგადოება, განურჩევლად ნებისმიერი კუთვნილებისა, საფრთხისგან დაიცვან. აღნიშნულ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა დემონსტრანტების მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით.