სპეციალისტები ქართული ენის საგამოცდო ტესტების პასუხებში არსებულ შეცდომებზე საუბრობენ. „ჯი-ეიჩ-ენი" დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და გაარკვია, რომ ქართული ენის საგამოცდო ტექსტის, მე-4 ვარიანტის პასუხებში, რომელიც 1-ელ ივლისს გამოქვეყნდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, მართლაც იყო შეცდომები.
„ექვთიმე თაყაიშვილი დაიბადა 1863 წელს სოფელ ლიხაურში. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დასრულების შემდეგ მან სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. 1887 წელს იგი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისის გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თაყაიშვილი აქტიურად მონაწილეობდა არაერთ არქეოლოგიურ ექსპედიციაში. მან დააარსა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომელსაც თოთხმეტი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა გაჩანაგებისაგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ექვთიმე თაყაიშვილი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელთაგანი.
1921 წელს საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, რომ ემიგრაციაში წასულიყო და თან წაეღო სამუზეუმო ძვირფასეულობა. ოფიციალურად განძის მესაკუთრე მთავრობა იყო, თუმცა ეროვნულ საგანძურს ფაქტობრივად ექვთიმე თაყაიშვილი მეურვეობდა. მიუხედავად პრობლემებისა, ექვთიმემ ყველაფერი გააკეთა, რათა ღირსეულად შეესრულებინა ეს უმნიშვნელოვანესი მისია. საფრანგეთში იგი განაგრძობდა ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას. 1925 წელს იგი აზიის შემსწავლელი სამეცნიერო საზოგადოების ნამდვილ წევრად აირჩიეს. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, როდესაც შესაძლებელი გახდა ჩვენი საგანძურის სამშობლოში ჩამოტანა, ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა. მეცნიერი გარდაიცვალა 1953 წელს. საქართველოს ეკლესიამ 2002 წელს იგი წმინდანად შერაცხა".
ეს არის ქართული ენის საგამოცდო ტექსტი, მე-4 ვარიანტი. პასუხებში, რომელიც გუშინწინ გამოქვეყნდა გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე, იყო სამი შეცდომა:
1. რთულ წინადადებაში აკლია მძიმე: ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა გაჩანაგებისაგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა. ეს არის რთული ქვეწყობილი წინადადება, რომელშიც იგულისხმება "რომ" კავშირი: ეს საზოგადოება მიზნად ისახავდა იმას, რომ გაჩანაგებისაგან ეხსნა ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
2. თუმცა არის მაპირისპირებელი კავშირი (როგორიც "მაგრამ"), რომლის შემდეგაც მძიმე არ უნდა დაიწეროს. პირველ დღეს პასუხებში ეწერა მძიმე და მეორე დღეს, გუშინ, წაშალეს.
3. ფაქტობრივად არის ჩართული და ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა. ეს როგორც "ორჯერ ორი ოთხია", ისეა.
გამოცდების დამკვირებლები და სპეციალისტები აცხადებენ, რომ აბიტურიენტებმა იცოდნენ, რომ ტექსტში აუცილებლად 18 შეცდომა უნდა ყოფილიყო, 18-ივეს აღმოჩენის შემთხვევაში, მიიღებდნენ ბონუსს (2 ქულას) და ექნებოდათ 20 ქულა. ბუნებრივია, ყველა დაიბნა. ამ შეცდომების გასწორების შემდეგ აშკარად მეტი გამოსდიოდათ და რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ 18 შეცდომაზე მეტი უნდა ყოფილიყო, ზოგ შეცდომაზე თვალი დახუჭეს.