2 ივლისს თბილისის აეროპორტში 80 ცალი არადეკლარირებული მობილური ტელეფონი -აიფონი აღმოაჩინეს. კერძოდ, რეისით დუბაი - თბილისი, სომხეთის მოქალაქე ბორის ბ. ჩამოფრინდა. მას საბაჟო პროცედურებში დასახმარებლად, მოფრენის დარბაზში სომხეთის მოქალაქე აშოტ ა. დახვდა. ბორის ბ-მ აშოტ ა-ს კუთვნილი ხელბარგი გადასცა. სომხეთის მოქალაქე აშოტ ა. დუბაი-თბილისის რეისის კიდევ ერთ მგზავრს, რუსეთის მოქალაქე ნურიჟატ ა-ს შეხვდა, რომელიც ერთი ხელბარგით გადაადგილდებოდა. ნურიჟატ ა. და აშოტ ა. ერთად გაემართნენ გასასვლელისაკენ. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განუმარტეს მოქალაქეებს, რომ მათი ხელბარგი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დათვალიერებულიყო. დეტალური დათვალიერების შემდეგ შეივსო მგზავრის ბარგის/ხელბარგის დათვალიერების ოქმი, სადაც აღინიშნა, რომ მგზავრები საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით გადაადგილებდნენ შემდეგ ნივთებს: ტელეფონი IPHONE 5 - 80 ცალი (A1428-41ცალი, A1429-39 ცალი), APPLE IPAD - 1 ცალი.
საქონლის სატარიფო ღირებულების დადგენის მიზნით, საქონელი დაილუქა და გაიგზავნა ექსპერტიზაზე. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ღირებულებამ 87 166,75 ლარი შეადგინა.
საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.