ქართველი მოსამართლეები აშშ-ში ნაფიცი მსაჯულების სისტემას გაეცნენ. მიმდინარე წლის 6-13 თებერვალს საქართველოს მოსამართლეთაგან შემდგარი დელეგაცია ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი აშშ-ის ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის მრავალწლიანი გამოცდილების გაცნობა-გაზიარება იყო.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი შავლიაშვილი, იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხელმძღვანელი შოთა რუხაძე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლეები ნინო სანდოძე და ვაჟა ფუხაშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესცენტრის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები დაესწრნენ კალიფორნიის რონალდ რეიგანის სახელობის საოლქო, სააპელაციო და კალიფორნიის ორენჯის ოლქის სასამართლოებში მიმდინარე პროცესებს. ქართველ მოსამართლეებს მიეცათ საშუალება გასცნობოდნენ ნაფიც მსაჯულთა მოწვევისა და სხვადასხვა პროცესებზე მათი განაწილების პროცედურებს, მსაჯულის 500-დან 1000-მდე კანდიდატის შესარჩევი გასაუბრების ამსახველ ვიდეო მასალას. მართლმსაჯულების ქართველ და ამერიკელ წარმომადგენლებს შორის გაიმართა დისკუსიები და აზრთა გაზიარება სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. აღსანიშნავია შეხვედრა კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში, სადაც სპეციალურად ქართველი მოსამართლეებისათვის საქმეთა ელექტრონული მართვის პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო.