პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ პეშევარში მომხდარი აფეთქების შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 20 ადამიანზე მეტი მძიმედ დაშავდა. ინციდენტის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. აფეთქება პეშევარის გარეუბანში მოხდა, სადაც უსაფრთხოების სამსახურების კოლონა გადიოდა. სავარაუდოდ, ტერორისტების მიზანს სწორედ აღნიშნულ კოლონაზე თავდასხმა წარმოადგენდა. აფეთქების შედეგად დაზიანებები მიიღოეს ასევე იქვე გაჩერებულმა ავტომობილებმა და შორი-ახლოს მდებარე მაღაზიებმა.
ჯერ-ჯერობით ქვეყანაში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ადგილობრივები მომხდარში ადანაშაულებენ თალიბანს, რადგან აღნიშნულ რეგიონში დიდი აქტივობებით სწორედ თალიბანის წევრები გამოირჩევიან.
შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე, პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, რომელიც ქაშმირის სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, შეიარაღებული ბოევიკები ალპინისტების ბანაკში შეიჭრნენ და 9 უცხოელი ტურისტი და მათი გიდი მოკლეს. გარდაცვლილები რეგიონში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმაღლის - რვაათასიანი ნანგა-პარბატის დასალაშქრად იყვნენ ასულები. ინციდენტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „პაკისტანის თალიბანმა" და სუნიტურმა დაჯგუფება „ჯუნდულაჰმა" აიღეს.