ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ეკვადორის პრეზიდენტთან რაფაელ კორეასთან სატელეფონო საუბარში აშშ სპეციალური სამსახურიების გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. როგორც ცნობილია სნოუდენი თავშესაფრის მინიჭების თხოვნით სწორედ ეკვადორს მიმართავს.
ეკვადორის ლიდერის განცხადებით, ჯო ბაიდენმა მას სთხოვა, უარი უთხრას ედუარდ სნოუდენს თავშესაფრის მინიჭებაზე. თავის მხრივ, ოფიციალურმა ვაშინგტონმა საუბრის დეტალების გაჟღერებისგან თავი შეიკავა. კორეამ ასევე აღნიშნა, სნოუდენის მომავალი ბედი დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებაზე.
ამავდროულად ევროპაში დიდი სკანდალი გორდება. პოპულარული გერმანული გამოცემა „შპიგელი" აქვეყნებს მასალას, რომელშიც ედუარდ სნოუდენი აცხადებს, რომ ამერიკული სპეცსამსახურები ასევე უთვალთვალებდნენ ევროკავშირის მაღალჩინოსნებს.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელს ედუარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაავრცელა, სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა. ედუარდ სნოუდენი ამ დრომდე რჩება მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში და ელოდება თავშესაფარს მესამე ქვეყანაში. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.