ევროპარლამენტის პრეზიდენტის მარტინ შულცის განცხადებით, ახალი ბრალდებები იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახური აწარმოებდა ევროპელი პოლიტიკოსების ელექტრონულ თვალთვალს, შესაძლოა, ძალიან უარყოფითად აისახოს მხარეების სამომავლო ტანამშრომლობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს.
სკანდალი ევროპაში მას შემდეგ აგორდა, რაც პოპულარულმა გერმანულმა გამოცემა „შპიგელმა" გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბარია ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური სამსახურის გაქცეული თანამშრომლის ედუარდ სნოუდენის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტებზე. ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტის თანახმად, ამერიკის სადაზრვერო სამსახურმა სათვალთვალო მოწყობილობები დაამონტაჟა ვაშინგტონსა და გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლობების ოფისებში. აღნიშნული დოკუმენტების თანახმად, ამერიკის სპეცსამსახურები ასევე აწარმოებდნენ ევროპელი პოლიტიკოსების ელექტრონული მიმოწერის თვალთვალს.
ისტორია ედუარდ სნოუდენის გარშემო დღითიდღე ახალ-ახალ სკანდალებს აგორებს. თავად ედუარდ სნოუდენი კი, რომელსაც ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საქმიანობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელების გამო სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ბრალდებით, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა, ამ დრომდე თავშესაფარ ეძებს მესამე ქვეყანაში. ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების ყოფილ თანამშრომელი მოსკოვის „შერემეტევოს" აეროპორტის სატრანზიტო ფრენის ზონაში იმყოფება. ოფიციალური ვაშინგტონი დაჟინებით მოითხოვს სნოუდენის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაუყოვნებლივ ექსტრადირებას.