ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, ალიანსი უახლოეს თვეებში დაიწყებს ოფიციალურ მოლაპარაკებებს სერბეთთან მისი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.
სერბეთის ალიანსში გაწევრიანების განაცხადი დიდი ხნის განმავლობაში არ განიხილებოდა კოსოვოს საკითხთან არსებული გარემოებების გამო.
ევროპული საბჭო სერბეთთან მოლაპარაკების საერთო გეგმას არაუგვიანეს 2014 წლის იანვარში წარმოადგენს. ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ჰერმან ვან რომპუის თქმით, ოფიციალური მოლაპარაკებები სერბეთთან სწორედ ამ დროს დაიწყება.
ევროკავშირი ასევე მზადაა დაიწყოს მოლაპარაკებები კოსოვოსთვის ასოცირების შეთანხმების თაობაზე. ასოცირებული წევრობა სხვა ქვეყნებთან შედარებით კოსოვოს მისცემს მთელ რიგ პრივილეგიებს ევროკავშირთან სავაჭრო თუ სხვა ურთიერთობებისას. გარდა ამისა, ასოცირებული წევრობის შემდეგ სრულუფლებიან წევრობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა იქნება დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ აპრილში სერბეთისა და კოსოვოს პრემიერ-მინისტრებმა, ევროკავშირის შუამდგომლობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას მრავალწლიანი დაპირისპირების შემდეგ სიტუაციის ნორმალიზების თაობაზე. სწორედ ამის შემდეგ ევროკომისიამ მოუწოდა ევროკავშირს მიეღო გადაწყვეტილება სერბეთის ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.